ნანი მორეტის ბოლო ფილმი – „Habemus Papam” (2011), წინააღმდეგობებითაა სავსე. პირველი წინააღმდეგობა დასაბამიდან არსებობს, ანუ იმ დროიდან სანამ პროჟექტორი ჰქმნიდა ნათელს, ხოლო მორეტი იტყოდა „აციონე,“ – პირველი წინააღმდეგობა თავად ფილმის სათაურია. ფილმის სათაური მტკიცებულებაა – „ჩვენ გვყავს პაპი,“ თავად ფილმი კი სავსებით საპირისპიროს გვეკითხება – გვყავს კი ჩვენ პაპი? კითხვის ნიშანი საკმაოდ დიდია. იმდენად დიდი, რომ თავისუფლად შეიძლება მისი სამოციქულო სასახლის აივნიდან გადმოფენა – იგი წმ. პეტრეს მოედანს აუცილებლად მიაღწევს.
აღწევს კიდეც. გაურკვევლობა ძალიან მალე ხდება მთავარი თანმდევი სენტიმენტი. ეს არის გაურკვევლობა, რომელიც წითელში და ვარდისფერში გამოწყობილ კარდინალებს, მოედანზე მომლოდინე მრავალ პილიგრიმს და რომის ერთ-ერთ ავტობუსზე მელანქოლიური სახით ჩამომჯდარ, სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილ პონტიფიკოსს აერთიანებთ.
sede-vacante-ს პერიოდში მყოფი ვატიკანი დუმს. პაპი გარდაცვლილია. ტიპიური ვატიკანური ზედხედების და მასათა ჟივილ-ხივილის, ან თუნდაც ზომაზე მეტი გრიგორიანული ჰიმნების და მისტიკური ქანდაკებების ჩვენების ნაცვლად, მორეტისთან ყველაფერი სადაა. და საკმაოდ ჩუმი. ვატიკანი რეალურია და მწუხარე. სიტუაციას მხოლოდ ახალი პონტიფიკატი თუ უწამლებს, რომელიც მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც კონკლავი ახალ რომის პაპს აირჩევს, ხოლო იგი სამოციქულო სასახლის აივნიდან მილიარდ კათოლიკეს დალოცავს – პირველი Urbi et Orbi. თავდაპირველად, ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა. კარდინალთა კოლეგია იკრიბება. მრავალჯერ ისმის მელვილი: მელვილი, მელვილი, კიდევ მელვილი – კარდინალი მელვილი პაპი ხდება. პაპი, რომელიც აივნისაკენ გაემართება, მაშინ როდესაც მსოფლიო გარინდულია, კარდინალები კი ფანჯრებიდან გამოფენილან. შემდეგ პაპი წამით სკამზე ჯდება, წმინდა პეტრეს მოედანზე ისმის ნანატრი Habemus papam, და…
რა ხდება მაშინ, როდესაც ვატიკანიდან პაპი გარბის?
გარბის ერთისმხრივ მილიარდი ქრისტიანის მამა, მეორესმხირვ კი ერთი უსუსური კაცი. განკაცებული პაპი უპრეცედენტოა – გაპაპებული კაცი მრავალი ყოფილა. ესაა ისტორია პაპისა, რომელიც განკაცდა და რომის საცხობში ღვეზელი მიირთვა. შემდეგ ავტობუსით იმგზავრა, პონტიფიკატის დასაწყისი უბრალო მსახიობების კომპანიაში გაატარა, ჩეხოვის ხაზებიც გაიხსენა და რამდენიმე ქუჩის მუსიკოსთან გაჩერებულმა, ნეტარი სახით მოისმინა უბრალო ჰანგები.
მიშელ პიკოლი რომის პაპის როლში
მორეტის პაპი, სხვანაირი პაპია – იგი უბრალო ადამიანია. მორეტის ჩანაფიქრი ბრწყინვალეა, პაპის პერსონის დეკონსტრუქცია – ეფექტურად შესრულებული. რეჟისორი ჩანასახშივე ანადგურებს ნებისმიერ კონვენციონალურ მოლოდინს. ფილმი არც ანარქისტული სულისკვეთებით გამოირჩევა, არც ათეიზმს ქადაგებს და საერთოდ – არაფერს ქადაგებს. მისი მიზანი არსებულის და უკვე ცნობილის დეკონსტრუქცია უფროა, ვიდრე კარდინალური ცვლილებისაკენ მოწოდება. აქ წარსული აწმყოს ეჯახება, ხოლო პრეცედენტული აზროვნება – უცნაურ რეალობას, რომელიც პრეცედენტებისგან განთავისუფლებას გადარჩენისათვის აუცილებელ პირობად აქცევს. „ჩვენ არ ვიცით რა ვქნათ. ვერავინ წარმოიდგენდა რომ მსგავსი რამ შესაძლებელი იყო,“ ამბობს ერთ-ერთი დაბნეული კარდინალი. დიახ, ვატიკანმა არ იცის რა ქნას – წარსულში პაპი არასდროს გაქცეულა.
წარსულში სავარაუდოდ კიდევ ბევრი რამ არ მომხდარა. იმ ალტერნატიულ რეალობაში კი, რომელსაც მორეტი გვთავაზობს ეს ბევრი რამ (და კიდევ უფრო მეტი) ხდება. ამ ვატიკანში კარდინალები ფრენბურთს თამაშობენ, აღტკინებული მონაზვნები კი მათი გულშემატკივრები არიან. კარდინალებიც ადამიანები არიან, ბოლოს და ბოლოს. ზოგიერთი მათგანი ვატიკანში ჯდომასა და პაპის ლოდინს, ფუნთუშის საყიდლად გაპარვას ამჯობინებს, მაშინ როდესაც სხვანი კარტის თამაშით იქცევენ თავს.
მორეტის ვატიკანი ის ვატიკანია, რომელშიც ჩვეულებრივი ყველაფერია, უნაკლო კი არაფერი: კონკლავის მსვლელობისას წყდება ელ-ენერგიის მიწოდება (უშუქობისას, გაურკვეველი მიმართულებით მიმავალი ერთ-ერთი კარდინალი მიწაზე მოადენს ზღართანს!), კარდინალების მგალობელ პროცესიას კი გაურკვეველი მიზეზის გამო რამდენიმე წამით აჩერებენ. სასაცილო და ჩვენთვის მოულოდნელი ამ ფილმში ბევრია, მათ მიღმა კი სიმართლე იმალება – სიმართლე ადამიანობის შესახებ. დიახ, ისინიც კი, ვისაც მილიარდობით ადამიანი აღმერთებს (და ხშირად – გააღმერთებს), უბრალო ადამიანები არიან. მორეტი ამ რეალურობას იმდენად ეფექტურად გვაგრძნობინებს, რომ რთულია ეს სრულად შეიგრძნო და შეძლო არ წარმოიდგინო დეფეკაციის პროცესში ტუალეტზე მჯდომი კარდინალის იმიჯი (მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი კადრი ფილმში არ გვხვდება).
მორეტი ჩვენს აზროვნებაში პაპისა და ვატიკანის შესახებ არსებულ სტერეოტიპებს ფუნდამენტს აცლის. მანამ, სანამ რომის ეპისკოპოსი ქალაქის ქუჩებში დადის, პაპის აპარტამენტებში შვეიცარიული გვარდიის ერთ-ერთი ოფიცერი სუფევს, კარდინალები კი ფრენბურთს თამაშობენ. ერთგვარი ვატიკანური ტერმინაციის ზენიტში, როდესაც კუთვნილი, ტრადიციული ფუნქცია თითქოს ყველამ დაკარგა, თავად რეჟისორი ხდება პაპი. მორეტი პაპის დასახმარებლად მიწვეული ფსიქოლოგის როლს თამაშობს, რეალურად კი, იმდენად რამდენადაც მისი დახმარების ობიექტი მისგან საკმაოდ შორს იმყოფება, მორეტი ვატიკანის ემოციური მამა ხდება. იგი კარდინალებს ბავშვებივით უვლის, მათ განტვირთვაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ფილმის ორივე მორეტი ფსიქოლოგია: ფილმის რეჟისორიც და ფილმის სივრცეში არსებულიც. რეჟისორი მორეტი პაპის ლიბერაციას გადაწყვეტს, ფილმს შიგნით არსებული მორეტი კი – კარდინლებისას. მართლაც, შეუძლებლად წარმომიდგენია შეხედო ფრენბურთის თამაშის ჩინებულ კადრებს და ვერ შეიგრძნო თავისუფლება, ვატიკანის გაყინულ ჰაერში (გნებავთ, მორეტის შენელებულ კადრებში) არსებული თავისუფლება. კარდინლების ლიბერაცია და პაპი საცხობში.
განთავისუფლებული (ან, სულ მცირე, ლიბერაციის გზაზე მდგომი) პონტიფიკოსი, რომის ქუჩებში სიარულისას საკუთარ წარსულს შეხვდება. და ებრძვის. ან იქნებ არა? ამ ფილმში ფსიქოანალიტიკა ერთგვარ მარცხს განიცდის. მიწვეული ფსიქოლოგი (მორეტი) ბოლომდე ვერ ხსნის კვანძს (ერთისმხრივ, ამის საშუალებას მას თავად ტრადიციაში ადღვებილი ვატიკანური კონტექსტი არ აძლევს), მეორე ფსიქოლოგი კი წმინდა მამას მისთვის ჩვეული, ტრადიციული ფრაზით გაისტუმრებს: „თქვენ მშობლების დეფიციტი გაქვთ.“ პონტიფიკოსი კი საბოლოოდ მაინც იქ აღმოჩნდება, სადაც მას ბავშვობიდანვე სურდა ყოფნა. მაგრამ არ ყოფილა. მას სწორედ იქ იპოვიან…
…ფილმის ყურების შემდეგ სახლიდან გავედი. პარკში გავიარე. გზად ბევრი ხანშიშესული მამაკაცი შემომხვდა – პიკოლი თავისუფლად შეიძლებოდა რიგითი ხანშიშესული ბრიტანელი მამაკაცი ყოფილიყო, ერთერთი მათგანი. უცნაური გრძნობა დამეუფლა. უცებ წარმოვიდგინე რამდენი გაქცეული პაპი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემს გარშემო, რამდენი განკაცებული პაპი. წარმოვიდგინე მათი ღელვა, მათი განცდები, ვფიქრობდი თუ რა კარგი იქნებოდა რომის პაპს ყოველდღე რომ ფეხით ევლო ქუჩაში და მერე გამახსენდა, რომ მე დასავლეთ ევროპულ რეალობაში ვარსებობდი, იქ სადაც ყველაფერს მოსაწყენი ფუნქცია გააჩნია და სახელი ჰქვია, პაპი კი მხოლოდ ნანი მორეტიმ განაკაცა. იქ, იმ ვატიკანში….
…პაპს, რომელიც არ გვყავს. პაპი გაიქცა.
Quo Vadis, Papa?
ლონდონი, 2011
კომენტარის დატოვება