რჩევები ახალგაზრდა მეცნიერს – გრიგოლ გეგელია
წყარო: http://youngscientists.tumblr.com/
თქვენი პირველი სამეცნიერო სტატია?
პირველი სტატიაა ‘‘დროის ჟამთააღმწერლები’: ტემპორალური ხედვები ადრინდელი მოდერნის ნაწერებში წარსულის შესახებ’. კვლევის ძირითადი—თუმცა არა ერთადერთი—ობიექტი გახლდათ დროის განსხვავებული შეგრძნებების შესწავლა ადრინდელი მოდერნის ისტორიოგრაფიაში. კვლევის პროცესი უზომოდ საინტერესო აღმოჩნდა; ვიმედოვნებ თავად კვლევაც საინტერესოა. უნდა გამოგიტყდეთ, ამ სტატიისათვის კვლევის და მისი წერის პროცესში ძალიან ბევრი საინტერესო გაკვეთილი ვისწავლე ჩემი თავის, ისევე როგორც ისტორიის შესახებ. ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილება იყო.
როგორ აირჩიეთ პროფესია/კვლევის მიმართულება?
ბავშვობაში ისტორია მხოლოდ ძალიან ზოგადად მიტაცებდა. ამას სერიოზულ ინტერესს ვერ ვუწოდებ. მე ისტორია მომწონდა, როგორც საინტერესო, იდუმალებით მოცული და დამაინტრიგებელი ამბების ნაკრები. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ისტორიის სახელმძღვანელოები ჩემს ინტერესს ვერ აკმაყოფილებდნენ. ზოგადად, ქართულ საშუალო სკოლაში ისტორია საკმაოდ უინტერესოდ ისწავლებოდა და ამის პირველი და უმთავრესი მიზეზი პირველ რიგში სწორედ ისტორიის სახელმძღვანელოებში უნდა ვეძიოთ.
დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს შეიცვალა. იმედს ვიტოვებ, რომ ისტორიის სწავლება კონკრეტული წლებისა და მეფეების სახელების დაზუთხვას გასცდა. მოკლედ, ჩემს ისტორიოგრაფიულ ვნებებს რომანებით უფრო ვიკმაყოფილებდი, ვიდრე ისტორიოგრაფიული წიგნების კითხვით. მაგალითად, ძალიან მიტაცებდა ალექსანდრე დიუმას რომანების კითხვა. სერიოზულად ისტორიით პირველად კოლეჯში სწავლის პერიოდში დავინტერესდი და მას შემდეგ ფრიად დაინტერესებული გახლავართ.
რამდენად მნიშვნელოვანია კარგი აკადემიური მოსწრება იმისათვის, რომ კარგი მეცნიერი გახდე?
ეს რთული შეკითხვაა. როგორია კარგი მეცნიერი? არ ვიცი. რა თქმა უნდა, თუ ე. წ. ‘კარგი აკადემიური მოსწრება’ სამართლიანი და აწყობილი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი და პროდუქტია, მაშინ იგი გარკვეულწილად მაინც ასახავს ადამიანის აკადემიურ პოტენციალს. თუმცა, არ არსებობს არავითარი ‘ოქროს წესი’, გარკვეული უტყუარი მეთოდი, იმისა თუ როგორ უნდა იქცეს ადამიანი კარგ მეცნიერად. ბევრი შესანიშნავი მეცნიერი მაგონდება, რომელთაც უნივერსიტეტში ან საერთოდ არ უვლიათ ან მოხვედრა გაუჭირდათ ან თუნდაც ისეთები, რომელთაც კარგი მოსწრება არ ჰქონიათ.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კარგი მეცნიერი გახდე?
დიდი მოთმინება. ალტერნატივებთან განუწყვეტელი თამაში. ბევრი მუშაობა. მოწინააღმდეგის სიყვარული.
რა შეუძლია ადამიანს გააკეთოს სკოლის პერიოდში პროფესიის სწორად შესარჩევად?
პირველ რიგში, იყოს საკუთარი თავი, მოუსმინოს საკუთარ თავს. იკითხოს და იფიქროს ფართოდ, საკუთარ თავს და რეალობას ბევრი კითხვა დაუსვას. პროფესია (ან, უფრო სწორედ — მოწოდება) თავად გამოჩნდება ჰორიზონტზე.
თქვენი საოცნებო უნივერსიტეტი
ასეთი არასდროს მქონია. მთავარია არა შენობები, მანტიები ან სიგელები, არამედ იდეები, ადამიანები და შენ მათთან მიმართებაში.
რა უნდა გააკეთო საოცნებო უნივერსიტეტში მოსახვედრად?
ნაკლები იოცნებო და მეტი იმუშავო? ალბათ. ზუსტად ვერ გეტყვით.
ერთი ციტატა
‘ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი’ (იოანე 13:34)
ერთი რჩევა
არასდროს შეწყვიტოთ რეალობისათვის კითხვების დასმა.
გრიგოლ გეგელია — ბრისტოლის უნივერსიტეტის ისტორიული დეპარტამენტის ბაკალავრი
კომენტარის დატოვება